ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოციალური მუშაკების რაოდენობა არ შემცირდება
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოციალური მუშაკების რაოდენობა არ შემცირდება

28 სოციალური მუშაკი და სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტის 15-მდე თანამშრომელი მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან სამსახურიდან გათავისუფლდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ამის მიზეზი სტრუქტურული რეორგანიზაციაა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, 2020 წლის პირველი თებერვლიდან მეურვეობა-მზრუნველობის, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების ფუნქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში გაერთიანდება.

ფონდის დირექტორის, მერი მაღლაფერიძის განმარტებით, იქმნება ახალი უწყება, რომელსაც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ერქმევა.

„ეს იქნება დადებითი მოვლენა, რადგან სერვისების მიმწოდებლები გაერთიანდებიან. რა თქმა უნდა, რეორგანიზაციის ფარგლებში წარმოიშობა ვაკანტური პოზიციები და კანონის შესაბამისად კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდება“, – აღნიშნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, სოციალური მუშაკების რაოდენობა არ შემცირდება და გაძლიერდება ბავშვზე ზრუნვის მიმართულება.

„აღსანიშნავია, რომ არამც და არამც არ მცირდება სოციალური მუშაკების რაოდენობა, პირიქით, პოზიციები ემატება და ასევე ემატება სხვადასხვა ფუნქციები მათ გასაძლიერებლად. ჩვენი ორგანიზაციისთვის ეს იქნება წამყვანი ფუნქცია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ბავშვზე ზრუნვის მიმართულება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე აღნიშნული სამსახურის ადმინისტრირების პოლიტიკას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებდა. შესაბამისად იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც აღნიშნულ სააგენტოში მუშაობდნენ, აქვთ შესაძლებლობა, კონკურსის გავლის შემდეგ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში დასაქმდნენ.

„სოციალურ მუშაკებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. საბოლოოდ მათზე და საკონკურსო კომისიაზე იქნება დამოკიდებული დასაქმდებიან თუ არა ისინი გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციებზე. სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს 2019 წლის პირველი მარტიდან, შესაბამისად აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, თანამშრომლებისთვის იყო სრულყოფილი ინფორმაცია მიწოდებული, არაერთხელ ყოფილან ისინი პირადად ჩემთანაც მსგავსი ტიპის კითხვებით, რაზეც პასუხი მიუღიათ. წერილებშიც, რომელიც მათ დაეგზავნათ, ახსნილია მათი გათავისუფლების მიზეზი. მე დღესაც მაქვს მათთან კომუნიკაცია, მქონდა წარსულშიც და მექნება ყოველთვის, როცა მათ დავჭირდები რამე საკითხთან მიმართებაში“, – აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა.

მისი განცხადებით, სოციალური მომსახურების სააგენტომ გათავისუფლებასთან დაკავშირებით თანამშრომლებს წერილობით მიმართა და ორ  თვიანი კომპენსაციაც გადასცა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ რეორგანიზაციის პროცესში სპეციალური კომისია ყველა თანამშრომელს გაესაუბრა. გიორგი წოწკოლაურმა აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის დასრულების პირველივე თვეს თანამშრომლებს ხელფასებიც მოემატათ, სოციალური მუშაკის ხელფასი შეადგენს  1200, ხოლო უფროსი სოციალური მუშაკის –  1400 ლარს.

სოცმუშაკების პროფკავშირების განცხადებით, ისინი აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებენ. მათივე თქმით, არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავენ.