ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით, კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება
ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდსტატისტიკას აღარ გამოაქვეყნებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების დაღმავალი ტენდენცია ფიქსირდება და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს.
„კოვიდთან დაკავშირებულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაამუშავებს რუტინული სტატისტიკური ანგარიშგების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებს კი საჯარო წესით გაუზიარებს“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, პანდემიის აქტიურ პერიოდში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შესახებ სტატისტიკა ყოველდღიურად ქვეყნდებოდა, მაისიდან ოფიციალური სტატისტიკა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე კვირაში ერთხელ ქვეყნდებოდა, ბოლოს კი, ოქტომბრის დასაწყისში, ერთი თვის მონაცემები გამოქვეყნდა.