ჯანდაცვის სამინისტროსა და UNDP-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრატეგიის შემუშავებაში ჯანდაცვის სამინისტროს UNDP-ი დაეხმარება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა დღეს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით, UNDP ხელს შეუწყობს ახლად შექმნილი სამედიცინო ჰოლდინგის განვითარებას და სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესებას.
„მოხარული ვარ, რომ დღეს გაერო-ს განვითარების პროგრამის სახელით მომეცა ჯანდაცვის სამინისტროსთან მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა. მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ სამაგალითო პასუხისთვის, რაც საქართველომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული კრიზისის დაძლევით აჩვენა. ვხედავთ, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირე. ვიმედოვნებთ, რომ მოსახლეობა გააგრძელებს იმ წესების დაცვას, რასაც ამ ხნის განმავლობაში მიჰყვებოდნენ, რათა ეკონომიკის გახსნასთან ერთად არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. სამინისტროსთან ერთად ახალ ეტაპზე გადავდივართ, რაც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას გულისხმობს, დავეხმარებით ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, იმ ხუთი საავადმყოფოს გაძლიერებაში, რომელიც სამედიცინო ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის. ასევე, კლინიკური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის გაუმჯობესებაში. კორონავირუსის პერიოდში საქართველომ მოახერხა და დაიცვა ჯანდაცვის სისტემა პაციენტთა გადაჭარბებული ნაკადისგან, თუმცა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის შეთხვევაში მნიშვნელოვანია ქვეყანა მზად დახვდეს ამ გამოწვევას და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის“, – აღნიშნა გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
UNDP-ს დახმარებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ასევე დანერგავს კლინიკური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს, რაც სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მექანიზმის ერთ-ერთი შემადგენელი „ქეის მენეჯმენტის“ მიდგომის დანერგვაა, რაც უზრუნველყოფს COVID-19-ისა და სხვა დაავადებათა შემთხვევების აუდიტს ექსპერტთა ჯგუფის მიერ, მუდმივი კონსულტაციების ჩატარებას ჯანდაცვის სერვისების ხარისხის მონიტორინგის მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას ჯანდაცვის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს ჯანდაცვამ წარმატებით გაართვა თავი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას პანდემიის დროს.
„ჩვენ ფასდაუდებელი გამოცდილებაც შევიძინეთ, რაც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და რეფორმაში დაგვეხმარება“, – აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.
ინიციატივას გაერო-ს განვითარების პროგრამა და შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროექტს „საერთაშორისო ფონდი კურაციო“ განახორციელებს.
საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი წელს დაარსდა და საზოგადოებრივი სამედიცინო დაწესებულებების მართვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ამჟამად ჰოლდინგის შემადგენლობაში ხუთი კლინიკა შედის, მათ შორის – თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური), ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და რუხის საავადმყოფო. მომავალში ჰოლდინგის შემადგენლობაში სხვა სამედიცინო კლინიკებიც გაერთიანდება.