ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი მიზნად ისახავს ადრეული ასაკის ბავშვთა ზრუნვის სფეროში ეროვნული პოლიტიკის გაუმჯობესებას.
მემორანდუმს ხელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ და ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, იანა ზელინგროვამ მოაწერეს.
პროექტი „ბავშვთა ადრეული განვითარების და ინკლუზიური სერვისების განვითარება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის საქართველოში“ ახალი სპეციალისტების მომზადებას, ადრეული ასაკის ბავშვთა სერვისების განვითარებასა და სერვისის მიმწოდებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ექსპერტთა ჯგუფი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ადრეული ასაკის ბავშვთა მოვლისა და ინკლუზიური განათლების არსებული პოლიტიკის ანალიზზე იმუშავებს.
პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.