ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმებული 850 სალონიდან და ესთეტიკის ცენტრიდან უსაფრთხოების სტანდარტები მხოლოდ 343-მა დააკმაყოფილა
საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წლის 27 ივლისის მდგომარეობით, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე 2775 სასტუმრო შემოწმდა. მათგან მოთხოვნები დააკმაყოფილა 1334-მა ობიექტმა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.
რაც შეეხება სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს, უწყების ინფორმაციით, შემოწმებული 850 ობიექტიდან მოთხოვნები დააკმაყოფილა 343-მა ობიექტმა, ხოლო კვების ობიექტების შემთხვევაში შემოწმებული 92 ობიექტიდან მოთხოვნები დააკმაყოფილა 59-მა ობიექტმა.
რეგულაციების თანახმად, აღნიშნული ბიზნესსუბიექტებისთვის აუცილებელია სხვადასხვა მოთხოვნის შესრულება: სილამაზის სალონების შემთხვევაში, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ელექტრონული დაჯავშნის სისტემით; უნდა გაკონტროლდეს სამუშაო სივრცეში მომხმარებლების რაოდენობა – დასაშვებია ხუთ კვადრატულ მეტრზე ერთი მომხმარებლის დაშვების შესაძლებლობა, თუ ფართზე ერთ მომხმარებელს ერთი პერსონალი ემსახურება. აუცილებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სივრცეების ბარიერებით იზოლაცია. ასევე, გათვალისწინებულია პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა, ხელების დეზინფექცია, დეზობარიერის გავლა, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბიზნესსუბიექტებს გაფრთხილება ეძლევათ, დარღვევის გამეორება კი უკვე ფულად ჯარიმებს ითვალისწინებს.