ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საექიმო საქმიანობის მაძიებლებისთვის საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება
საექიმო საქმიანობის მაძიებლებისთვის საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება. ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ღირებულება იქნება 40, ხოლო სასერტიფიკაციო გამოცდის – 60 ლარი. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 586-ე დადგენილებასთან დაკავშირებული ცვლილებები რეზიდენტურაში სწავლის მსურველებსა და ექიმის სერტიფიკატის მაძიებლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბოხუამ და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, კახაბერ შალიკაძემ გააცნეს.
შეხვედრა საქართველოს სამედიცინო უნივერისტეტში გაიმართა. საექიმო საქმიანობის მაძიებლებს, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია და თსსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც შეხვდნენ.
„გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა 586-ე დადგენილების ამოქმედებასა და საგამოცდო თარიღს შორის არსებული მოკლე პერიოდი, ათი დღე. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის მოხდა შეთანხმება, რომლის ნიადაგზე სამედიცინო უნივერსიტეტი გამოყოფს სათანადო რესურსს, რომელიც შეამცირებს გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების დანახარჯებს“, – აცხადებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
უწყების ცნობით, საკვალიფიკაციო გამოცდაზე სულ 1599 პირია რეგისტრირებული, ხოლო 501 პირი სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირდა.