ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია
ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, კონსულტაციები გრძელდება.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. თუმცა თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი, სამწუხაროდ, უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციებსა თუ შეხვედრაზე.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა გრძელდება. კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
მათივე ცნობით, სამედიცინო პერსონალის ნაწილი მუშაობას იმ კერძო სამედიცინო დაწესებულებებში აგრძელებს, რომლებიც, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ალტერნატიულ დასაქმებას სთავაზობს.
„უწყებამ ამ მიმართულებით ათზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან გამართა მოლაპარაკებები. მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ ღირსეული კომპენსაციით“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.