ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვის ფასზე ჯანდაცვის სამინისტრო და „სილქნეტი“ განმარტებას აკეთებენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწყების ცხელი ხაზის ღირებულების შესახებ განმარტებას აკეთებს. როგორც სამინისტროში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ცხელი ხაზი წარმოადგენს კომპანია „სილქნეტის“ აბონენტს, ნომრებით: 2 51 00 26; 2 51 00 33 და 1505. შესაბამისად, ამ ნომრებზე დაკავშირება ხდება კომპანია „სილქნეტის“ მიერ დაწესებული ტარიფით.
„მოქალაქეებს მობილური ოპერატორებიდან და სხვა სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელიდან ცხელ ხაზთან დაკავშირების დროს თანხა ეჭრებოდათ იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რაც არის დადებული კომპანია „სილქნეტსა“, სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელსა და მობილურ ოპერატორებს შორის“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ მოქალაქეთა მხრიდან იყო პრეტენზია, რატომ არ იყვნენ ინფორმირებული ზარის ღირებულების შესახებ. როგორც სამინისტროში ამბობენ, ამ პრინციპით მიმდინარეობდა დაკავშირება 1505-ზე ცხელი ხაზის დაარსების დღიდან. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა ცხელი ხაზის ინტერაქტიულ მისალმების ტექსტში შესულიყო ცვლილება. კონკრეტულად, დაემატა წინადადება, რომ ცხელ ხაზთან დაკავშირება ფასიანია. ანალოგიურად ხდება მოქალაქის ინფორმირება იმის შესახებ, რომ მისი საუბარი ცხელ ხაზთან იწერება.
„სილქნეტში“ კი განმარტავენ, რომ მათ შიდა, ფიქსირებულ ქსელში ზარის განხორციელება უფასოა. კომპანიის ინფორმაციითვე, ჯანდაცვის სამინისტროს მათთან დადებულ ხელშეკრულებაში არ ჩაუწერია, რომ ზარი უფასო უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, მომხმარებელი იხდის იმ თანხას, რაც წუთზე აქვს დაწესებული კონკრეტულ ოპერატორს.
„ჯანდაცვის სამინისტროც ცხელი ხაზის – 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო ოპერატორი თავის აბონენტს თავად უწესებს სააბონენტო ტარიფს ცხელი ხაზის აღნიშნულ ნომერზე ზარის განხორციელებისთვის. რაც შეეხება კომპანია „სილქნეტს“, მისი ფიქსირებული ქსელის ყველა აბონენტისთვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505 დარეკვა არის უფასო, ისევე, როგორც უფასოა ამ ნომერზე „სილქნეტის“ ფიქსირებული ქსელის აბონენტების მიერ განხორციელებული საქალაქთაშორისო ზარი“, – აცხადებენ კომპანიაში.