ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის.
რეკომენდაციების თანახმად, გამოსაცდელ პირთა მიღებისას საგამოცდო ცენტრებში დაცული უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული წესები, რომელთა თანახმადაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება; აბიტურიენტთა რეგისტრაციისთვის დარბაზში წინასწარ ადგილების მონიშვნა, სადაც უსაფრთხო დისტანციის, მინიმუმ ორი მეტრის დაცვით უნდა მოხდეს.
აუცილებელია რეგისტრატორების აღჭურვა სახის დამცავი ფარით და ნიღბით ან რეგისტრატორის სამუშაო მაგიდაზე დამცავი გამჭვირვალე ბარიერის გამოყენებით.
გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, უნდა მოხდეს ერთიან შესასვლელთან თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით. მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მეთვალყურეთა რაოდენობა, ან მოხდეს როტაციის პრინციპის გამოყენება იმგვარად, რომ ერთ სესიაზე ერთ სექტორში არაუმეტეს ორმა მეთვალყურემ შეასრულოს თავისი ვალდებულებები. აუცილებელია, მიეწოდოთ ინფორმაცია პერსონალსა და გამოსაცდელებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ამასთან, რესპირატორული სინდრომების/ცხელების მქონე გამოსაცდელებისთვის უნდა გამოიყოს სარეზერვო სექტორი.
„ყველა საგამოცდო ცენტრის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით; არ დაუშვათ პერსონალი, მეთვალყურეები და გამოსაცდელები საგამოცდო ცენტრში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე; განათავსეთ დეზინფექციისთვის საჭირო 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი სამუშაო ადგილზე პერსონალისთვის, ხოლო გამოსაცდელებისთვის – ყოველი საგამოცდო სექტორის შესასვლელში; ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება; უზრუნველყავით პერსონალისა და გამოსაცდელებისთვის სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით, ხოლო ხელის გასამშრალებლად განათავსეთ ერთჯერადი ხელსახოცები. გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესები; სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციისათვის საოფისე სივრცეში ავეჯი ისე განალაგეთ, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია; გამოყავით პირები, რომლებიც პერიოდულად დაასუფთავებენ ხშირად შეხებად ზედაპირებს შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით; გელიანი კალმები, რომლებსაც ხშირად იყენებენ გამოსაცდელები, ყოველი მოხმარების შემდეგ გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით; სექტორები, ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით, რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ; თავდაპირველად გამოცდების დაწყებამდე, ხოლო შემდგომ ყოველი სესიის დასრულებისას ლეპტოპები დაამუშავეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ერთჯერადი ხელსახოცებით. გამოსაცდელები წინასწარ გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ ზედმეტი ნივთები, გარდა კალმისა და აუცილებელი ნივთებისა, საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანონ. სხვა შემთხვევაში უზრუნველყავით ნივთების მოთავსება სპეციალურ პარკებში და შემდეგ მათი უსაფრთხოდ გატანა. ამ შემთხვევაში პერსონალი უნდა აღიჭურვოს ნიღბით და სახის დამცავი ფარით“,- წერია რეკომენდაციებში.
რაც შეეხება საგამოცდო სექტორებში სამუშაო მაგიდების განთავსების წესებს, სამუშაოდ უნდა მოხდეს სექტორის მხოლოდ 50%-ის გამოყენება. სამუშაო მაგიდები წინა მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამჭვირვალე დამცავი ფარებით/ბარიერებით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრისა, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი არანაკლებ ერთი მეტრისა. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით.
გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო სივრცეში ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს და კონდიციონერის მუშაობის პროცესში საგამოცდო სივრცეში მყოფ ყველა პირს უნდა ეკეთოს ნიღაბი.
„რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს „პისიარ“ ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის ცნობა (ფორმა #100); თუ გამოსაცდელს 37 გრადუსზე ან 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმოთ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37.5 გრადუსამდე შედეგის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული „პისიარ“ ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება“,- წერია დოკუმენტში.
ცენტრის პერსონალი ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის წესები მის სამუშაო ადგილზე. სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენოს ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მიაწოდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთაოს ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებდა მუშაობისას. ხელის ჰიგიენა ჩაიტაროს ხშირად.
რაც შეეხებათ გამოსაცდელებს, მათი ვალდებულებებია:
„საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანოთ ზედმეტი ნივთები (გარდა გელიანი კალმისა და აუცილებელი ნივთებისა); სხვა შემთხვევაში ნივთები დატოვეთ ამ ნივთების შენახვისათვის განკუთვნილ ადგილას; საგამოცდო ცენტრში ვალდებული ხართ გეკეთოთ ნიღაბი: ა) სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე; ბ) საგამოცდო სექტორის დატოვების დროს; გ) სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს; დ) საგამოცდო სექტორში კონდიციონერის მუშაობისას; ე) 37 გრადუსზე მეტი სხეულის ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში (მიუხედავად „პისიარ“ ტესტირების კოვიდ-უარყოფითი შედეგისა). მითითების შემთხვევაში დაიმუშავეთ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით; მაქსიმალურად დაიცავით სოციალური დისტანცია; დაიცავით წესები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან“, – წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში.