ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას უფასოდ იღებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დასახელების ძვირად ღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიისგან პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა. შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფს.
ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება უკვე გააფორმა მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“. უახლოეს მომავალში პაციენტები დამატებით რვა დასახელების მედიკამენტს მიიღებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ასევე გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია და გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც 400 000-მდე ბენეფიციარს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ.