ჯანდაცვის სამინისტრო - თემირლან მაჩალიკაშვილისთვის კლინიკის საზღვარგარეთ მოძიება გრძელდება
ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის ინფორმაციას, რომ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მისი გადაყვანა სამინისტროს მხრიდან ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხების გამო შეფერხდა.
როგორც პირველ არხს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, სამინისტრო ეს შემთხვევა პირველივე წუთიდან კონტროლზე ჰყავს აყვანილი.
„ამ დროისთვის, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება. პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს კლინიკის მოძიება საზღვარგარეთ. თავდაპირველად, ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს პაციენტის გადაყვანა თურქეთში შესთავაზა, თუმცა პაციენტის ოჯახი აღნიშნულ წინადადებას არ დათანხმდა“,-განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ პაციენტის მიღებაზე გერმანიის ერთ-ერთი კლინიკის უარი თანხის გადაუხდელობას უკავშირდება.
როგორც პირველ არხთან საუბარში ცირა ჯავახიშვილმა აღნიშნა, ოთხი დღის წინ კლინიკამ მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა ადვოკატის თქმით, სახელმწიფომ გერმანიის კლინიკას მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გადაურიცხა.