ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეპილეფსიის მედიკამენტის მიწოდების ხარვეზთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ეპილეფსიით დაავადებული პირებისთვის აფთიაქებიდან მედიკამენტ „ლევეტირაცეტამის“ გატანის პრობლემა მოხსნილია და მათმა ნაწილმა წამალი უკვე მიიღო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათი თქმით, შეფერხების მიზეზი ერთი პროგრამიდან მეორეში მედიკამენტების გადაცემისთვის საჭირო პროცედურა გახდა.
„დღეის მდგომარეობით ყველა მედიკამენტის პრობლემა მოხსნილია ავერსის საააფთიაქო ქსელში. დღის ბოლოს სხვა აფთიაქებსაც ექნებათ წვდომა აღნიშნულ მედიკამენტზე“, – აცხადებენ სამინისტროში.
ეპილეფსიის მქონე პაციენტების ნაწილის თქმით, თითქმის ორი თვეა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამით ვერ სარგებლობენ. ამიტომ, მათ მედიკამენტ „ლევეტირაცეტამის“ შეძენა საკუთარი სახსრებით უწევთ. ეს თანხა კი თვეში საშუალოდ 200 ლარს შეადგენს. პრობლემას ადასტურებს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ნევროლოგი ნათია ოკუჯავა.
როგორც მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მან აღნიშნული ხარვეზის შესახებ საკუთარი პაციენტებისგან შეიტყო და ელოდება, რომ პრობლემას ჯანდაცვის სამინისტრო ახლო მომავალში მოაგვარებს, რადგანაც, ნევროლოგის შეფასებით, აღნიშნული მედიკამენტის მიღება ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის წესები მიმდინარე წლიდან შეიცვალა.
კერძოდ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მედიკამენტების შეძენისთვის ბენეფიციარებს სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადება და ერთჯერადი რეგისტრაციის გავლა აღარ სჭირდებათ. შედეგად, მოქალაქეებს წამლების მიღება ექიმის მიერ ელექტრონული რეცეპტის გამოწერის შემდეგ შეუძლიათ. მანამდე არსებული პრაქტიკით, პროგრამით სარგებლობისთვის, მოქალაქეს უნდა მიემართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულისთვის და გაევლო ერთჯერადი რეგისტრაცია. ამისთვის აუცილებელი იყო ფორმა-100-ის წარდგენა. მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ შეეძლო ბენეფიციარს აფთიაქში მედიკამენტის შეძენა.
ამასთან, მიმდინარე წლიდან შეიცვალა აღნიშნული პროგრამის მოდელი და მოხდა საყოველთაო ჯანდაცვაში მისი ინტეგრაცია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში საქართველოს პირველ არხს ივლისში განუცხადეს, ახალი მოდელის პირობებში, მედიკამენტი უფრო მეტი აფთიაქიდან გაიცემა და მიწოდებაშიც წყვეტა არ იქნება.
პროგრამაში შესული ცვლილებების შესაბამისად, განხორციელდა მედიკამენტების ახალ ბაზაში გადატანა.
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ პირებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ასევე პენსიონერებს, შშმ პირებს, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეებს.
პროგრამა ვრცელდება შემდეგ დაავადებებზე: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; დიაბეტი (ტიპი II); ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებები; ეპილეფსია; პარკინსონის დაავადება.
სოციალურად დაუცველი, შშმ პირები, პენსიონრები მედიკამენტს სიმბოლურ ფასად, მაქსიმუმ ერთ ლარად ყიდულობენ. პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებული მოქალაქეები კი მედიკამენტების შეძენისას სარგებლობენ მინიმუმ 75%-იანი ფასდაკლებით.