ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პერსონალი, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ვალდებულია, გაიაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.
ცენტრის თანამშრომელს გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა სამჯერ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალი გამოცდის მინიმალური ბარიერს ვერცერთ ჯერზე ვერ გადალახვას, მასთან შრომითი ურთიერთობების წყდება.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ მიმდინარე წელს სასწავლო სატრენინგო ცენტრში ტრენინგი გაიარა და გამოცდა წარმატებით ჩააბარა თანამშრომელთა უმრავლესობამ, ხოლო 63 პირმა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლო“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან აღნიშნული თანამშრომლები, რომელთაც გამოცდა ვერ ჩააბარეს, ვერ გააგრძელებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში საქმიანობას.
„ასევე, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სასწავლო სატრენინგო ცენტრში გამოცდების მიმდინარეობისას გარდაიცვალა ცენტრის თანამშრომელი, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ცენტრის თანამშრომელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო სამედიცინო დაწესებულებაში ხანგრძლივ რეანიმაციულ მკურნალობას გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.