ჯანდაცვის სამინისტრო - რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები უზრუნველყოფილი იქნებიან დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ ღირსეული კომპენსაციით
ჯანდაცვის სამინისტრო - რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები უზრუნველყოფილი იქნებიან დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ ღირსეული კომპენსაციით

რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ ღირსეული კომპენსაციით, – ამის შესახებ აღნიშნულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები სრულად იქნება დაცული.

„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. უახლოეს მომავალში დაიწყება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია. მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ ღირსეული კომპენსაციით.

შეთავაზებების პაკეტის მიხედვით, ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი; კლინიკის თანამშრომელი თუ სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით, ოთხი თვის ხელფასს მიიღებს; სამედიცინო პერსონალს, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო სხვა სამედიცინო კლინიკაში, იმავე პოზიციაზე დასაქმებასა და ოთხი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს; სამედიცინო პერსონალს, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება სამი წლის განმავლობაში, დასაქმებამდე ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

აღნიშნულ საკომპენსაციო პაკეტს, ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეულ თანამშრომელს შესთავაზებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თანამშრომელთა ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.