ჯანდაცვის სამინისტრო - ქუთაისში დევნილებისთვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, რამდენიმე თვეში სრულად გარემონტებული ბინები 1040 ოჯახს გადაეცემა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში 720 დევნილი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების, გარემონტებულ ახალ ბინებს მიიღებს. პროექტის ღირებულება 77 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობა ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზეც. ჯამში, რამდენიმე თვეში ქუთაისში სრულად გარემონტებული ბინები 1040 ოჯახს გადაეცემა.
თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, დევნილთა სააგენტოს დირექტორთან, ზურაბ უტიაშვილთან და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაზა ლომინაძესთან ერთად გაეცნო.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა 2023 წელს დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ქვეყნის ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში ერთდროულად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.