ჯანდაცვის სამინისტრო - ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე კომპანიების ნაწილმა ფასები ხელოვნურად, მნიშვნელოვნად გაზარდა, შესწავლის პროცესში ჩართულია კონკურენციის სააგენტო
წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, ონკოლოგიური დანიშნულების ძვირად ღირებულ მედიკამენტებზე კომპანიების ნაწილმა ფასები ხელოვნურად, მნიშვნელოვნად გაზარდა.
„მედიკამენტზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ფიქსირდება. ამჯერად საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
კერძოდ, კომპანიების ნაწილმა აღნიშნულ წამლებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების რეალიზატორ კომპანიებს ერთი და იმავე დასახელების მედიკამენტებზე იდენტური ფასები აქვთ განსაზღვრული.
წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ცნობით, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან შესაძლო არაკეთილსინდისიერი ქმედების შესწავლის პროცესში ჩართულია კონკურენციის ეროვნული სააგენტო.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქიმიო-სხივური ჰორმონოთერაპიისთვის ერთ ბენეფიციარზე ყოველწლიურად 25 000 ლარი გამოიყოფა, ხელოვნურად გაძვირებული წამლების შედეგად კი ონკოლოგიურ პაციენტებს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ.
სამწუხაროა, რომ ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ისევ გრძელდება მედიკამენტების ფასების ხელოვნურად ზრდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არაერთხელ გაცხადდა, რომ მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა და თითოეულ დარღვევაზე უწყებას ექნება მკაცრი რეაგირება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.