ჯანდაცვის სამინისტრო - თუ პირის ვაქცინაციის სტატუსი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ დგინდება, რეკომენდებულია განმეორებითი აცრა
მათთვის, ვინც პოლიკლინიკაში წითელა, წითურა, ყბაყურის აცრის დამადასტურებელ საბუთებს ვერ მიიღებს, რეკომენდებულია განმეორებითი აცრის გაკეთება.
როგორც პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, თუ პირის ვაქცინაციის სტატუსი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ დგინდება, რეკომენდებულია განმეორებითი აცრა.
სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მშობლებს ბავშვების აცრების დამადასტურებელი ცნობის მიტანა სთხოვეს. დღეს 1tv.ge-ს რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა და განაცხადეს, რომ პოლიკლინიკებში შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ მიიღეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პირველმა არხმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა ეკა ადამიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ პოლიკლინიკები ვერ წარადგენენ დოკუმენტაციას, სამინისტრო შესაბამის ზომებს მიიღებს.
„ძალიან მნიშნველოვანია, როგორც მშობლები, ასევე დაწესებულებები, ძალიან სერიოზულად მოეკიდონ ამ სიტუაციას, რადგან წითელას ეპიდემიის საფრთხის ქვეშ ვდგავართ. შეასრულონ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აძლევს. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია იყო, რომ გადამოწმდეს ბავშვების აცრების სტატუსი და ამიტომაც არის მოთხოვნილი ინფორმაციის მოგროვება. შესაბამისად ყველა მშობლებს აქვს სრული უფლება, მივიდეს იმ კლინიკაში, სადაც ბავშვი აცრილია და მოითხოვოს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაცია, საბუთის ვერაღების შესახებ, არ შეიძლება ჰქონდეს მასობრივი ხასიათი, შეიძლება ეს არის რომელიმე კონკრეტული დაწესებულების პრობლება. რეკომენდაცია არის ასეთი, რომ უნდა გადამოწმდეს ყველა ბავშვის სტატუსი ვაქცინაციის შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ არ აქვთ აცრა, უნდა გაიკეთონ”, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პროგრამების უფროსმა ეკა ადამიამ.
მისივე თქმით, წითელა, წითურა, ყბაყურის აცრები ყველასთვის უფასოა.
ჯანდაცვის პროგრამების უფროსის განცხადებით, თუ ვერ იძებნება აცრების დამადასტურებელი საბუთი, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ განმეორებით აიცრან, ამის შესაძლებლობა არსებობს.
„თუ დაწესებულებასთან არის პრობლემა და ვერ არკვევენ საკუთარი ძალებით, მომართონ ჯანდაცვის სამინისტროს. ჩვენ ვეცდებით, რომ ჩავერიოთ და დავეხმაროთ იმის გარკვევაში, თუ პრობლემები დგას კონკრეტულ სიტუაციაში. ახლა გამიჭირდება თქმა, რადგან ზუსტი ინფორმაცია არ ვიცი, ვის რატომ შეექმნა პრობლემა და რასთან გვაქვს საქმე. იმ შემთხვევაში, თუ ვერ დგინდება აცრის სტატუსი, ეს შეიძლება იყოს უფრო ისეთ პირებზე, რომელთაც არ ახსოვთ რომელ დაწესებულებაში გაიკეთეს აცრა, ან ეჭვის დონეზე არ ახსოვთ აცრილები არიან თუ არა, მაშინ რეკომენდაციაა, რომ განმეორებითი აცრა ჩაიტარონ წითელა, წითურა, ყბაყურის“, – განაცხადა ეკა ადამიამ.