ჯანდაცვის სამინისტრო - მაღაროელების გაფიცვის საკითხზე მედიაციის პროცესში შრომის ინსპექცია ჩაერთო, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული
ჯანდაცვის სამინისტრო - მაღაროელების გაფიცვის საკითხზე მედიაციის პროცესში შრომის ინსპექცია ჩაერთო, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული

ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში უკვე შედგა შეხვედრები როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე კომპანიის მენეჯმენტთან.

„მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი მერვე დღეა, გრძელდება. პროტესტის ნიშნად, წუხელ ცხრა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო.

ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ.