ჯანდაცვის სამინისტრო - „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეტყობინებები სპეციალური გაიდლაინით იმართება
„კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეტყობინებები სპეციალური გაიდლაინით იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, „112“-ში ვირუსთან დაკავშირებული ზარის დაფიქსირებისას, მოქალაქეს ოჯახის ექიმის სატელეფონო კონსულტაცია ეწევა.
„ოჯახის ექიმები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იღებენ გადაწყვეტილებას – საჭიროა თუ არა მისი სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან გადამისამართება და ასევე, შესაძლებელია თუ არა მოქალაქის სახლის პირობებში მკურნალობა.
პირები, რომლებიც არ საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებასა და ჰოსპიტალიზაციას, ოჯახის ექიმების რეკომენდაციით, რჩებიან საკუთარ საცხოვრებელ სივრცეში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი ონლაინ კლინიკებისა და ოჯახის ექიმების მიერ ხორციელდება უწყვეტად, პერმანენტულ რეჟიმში“,- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
მათივე ცნობით, მოქალაქეები, რომლებიც ოჯახის ექიმების მიერ ფასდებიან როგორც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირები, ავტომატურად მისამართდებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან, რომლის ეკიპაჟებიც შეუფერხებლად ემსახურებიან პაციენტებს და უზრუნველყოფენ მათ შესაბამის დაწესებულებებში ტრანსპორტირებას.
„112“-ში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ზარების ფილტრაცია მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო და ამ დრომდე ეფექტურად მიმდინარეობს. აღნიშნულმა სისტემამ მკვეთრად გააუმჯობესა „კოვიდ-19“-ის შემთხვევებზე მიზნობრივი რეაგირების ხარისხი.“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.