ჯანდაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძეს საგანგებო რეჟიმის წესები არ დაურღვევია
ჯანდაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძეს საგანგებო რეჟიმის წესები არ დაურღვევია

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო რეჟიმის წესები დაარღვია, არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გასაჯაროებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მინისტრი ავტომობილის წინა სავარძელზე ჯდება, თუმცა ეს ფაქტი არ წარმოადგენს კანონდარღვევას.

„გასაჯაროებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მინისტრი ავტომობილის წინა სავარძელზე ჯდება, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი არ წარმოადგენს კანონდარღვევას, რასაც ადასტურებს საქართველოს მთავრობის №181-ე დადგენილების მეორე მუხლის მეშვიდე და მერვე პუნქტი და მე-14 მუხლი, რომლის მიხედვითაც, შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების უფლებამოსილი მოსამსახურეების გადაადგილებაზე.

7. საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, თუ სატრანსპორტო საშუალების სალონის მოწყობა აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა. სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა არ ეხება ამ დადგენილების შესაბამისად დაშვებულ M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალურ რეგულარულ გადაყვანას. ამ წესის დარღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

8. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების უფლებამოსილი მოსამსახ​ურეების გადაადგილებაზე“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.