ჯანდაცვის სამინისტრო - ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი რეგულაციების სრული დაცვითა და მაყურებელთა მიერ კოვიდსაშვის წარდგენით წარიმართა
ჯანდაცვის სამინისტრო - ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი რეგულაციების სრული დაცვითა და მაყურებელთა მიერ კოვიდსაშვის წარდგენით წარიმართა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის მატჩი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვითა და მაყურებელთა მიერ კოვიდსაშვის წარდგენით წარიმართა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, მაყურებელთა შესვლაზე კონტროლის კოორდინაცია სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა განახორციელა.

„მატჩზე დასწრების მსურველების კონტროლი კოვიდსაშვის პორტალის საშუალებით განხორციელდა, რომლის მეშვეობითაც მატჩს ის პირები დაესწრნენ, რომელთაც მატჩამდე არანაკლებ 14 დღით ადრე სრულად ვაქცინაცია, ან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდინფექციის გადატანა, ან მოცემულ მატჩამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი უფიქსირდებოდათ.

კოვიდსაშვის პლატფორმით როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის მატჩზე დასწრება უსაფრთხო/მწვანე ზონაში განხორციელდა.

პლატფორმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეიქმნა და სტატუსის გადამოწმება, ამჯერად, მხოლოდ პორტალის https://covidpass.moh.gov.ge/ -ზეა შესაძლებელი. უახლოეს მომავალში კი, მობილური აპლიკაცია იქნება ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.