ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ინიცირება გაუკეთა სოციალური სამუშაოს მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნას. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღითიდღე იზრდება სოციალურ მუშაკებზე მოთხოვნა, როგორც სახელმწიფო უწყებებში, ისე არასამთავრობო სექტორში.
„პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ინიცირება გაუკეთა სოციალური სამუშაოს მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნას. რაკი საქართველოში ეს ახალგაზრდა პროფესიაა, აქამდე არ არსებობდა ამ პროფესიის ყოვლისმომცველი, მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტი. დღითიდღე იზრდება სოციალურ მუშაკებზე მოთხოვნა, როგორც სახელმწიფო უწყებებში, ისე არასამთავრობო სექტორში. პროფესიის აქტუალობიდან გამომდინარე, ძალიან დროული და მნიშვნელოვანია მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიის სწორ განვითარებასა და ხარისხიანი სოციალური სამუშაოს შესრულებას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიესალმება სოციალური სამუშაოს მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნას მისი მნიშვნელობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროფესიის გასაძლიერებლად და უკეთ მხარდასაჭერად აუცილებელია მისი საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა.
ჩვენი უწყებები მზად არიან ითანამშრომლონ სამთავრობო, თუ არასამთავრობო სექტორთან თანამედროვე, საჭიროებებზე ორიენტირებული, ეფექტური და მოქნილი საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ხელს შეუწყობს სოციალური მუშაკის პროფესიის პოპულარიზებას, მის პრესტიჟულ პროფესიად ქცევას, დაეხმარება პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებს სამუშაოს ეფექტურად წარმართვასა და საქმიანობის ხარისხის ამაღლებაში – საზოგადოების მოთხოვნების და გამოწვევების საპასუხოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.