ჯანდაცვის სამინისტრო - აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ანგარიშში აღიარებულია საქართველოს მიერ შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმეში წარმატება
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა (USTR) თავის ანგარიშში აღიარა შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმეში მიღწეული წარმატება და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ GSP-ის მოთხოვნათა პაკეტის შესრულება, – ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც უწყება აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება.
„საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა ადამიანი და ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომის უფლებები და რიგი რეფორმები განახორციელა. განმტკიცდა დასაქმებულების შრომის უფლებები და სამუშაო პირობები, აგრეთვე შრომის სტანდარტები გადავიდა ევროპულ და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის დასაქმებულებისთვის უსაფრთხო და ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფაში.
2015 წლიდან საფუძველი ჩაეყარა მექანიზმს, რომელიც ეტაპობრივად ვითარდება და ყალიბდება შრომის კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებად. უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში კი ითვალისწინებს შრომის უფლებების კიდევ უფრო ფართო სპექტრს და აუმჯობესებს არსებულ აღსრულების მექანიზმს. სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციის სისტემის ინსტიტუციურ/სტრუქტურული გაძლიერება, რისკენაც კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვას აპირებს და 2021 წლიდან დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ახალი, დამოუკიდებელი და სრულყოფილი შრომის ინსპექტირების მექანიზმის შექმნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.