ჯანდაცვის სამინისტრო „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს
ჯანდაცვის სამინისტრო „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

ჯანდაცვის სამინისტრო შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის” დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და დაწესებულებაში დროებითი მმართველის დანიშვნას ითხოვს. მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევებია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, დაწესებულება ფუნქციონირების ნებართვის გაუქმების საფრთხის წინაშე დგას. მისივე თქმით, ცენტრი ვერ აკმაყოფილებს სანებართვო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

გაბუნიას განცხადებით, აღნიშნულის გამო დაწესებულება 2018 წლის 3 აპრილს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დააჯარიმა, თუმცა მენეჯმენტის მხრიდან სანებართვო პირობები არ გაუმჯობესებულა.

გარდა ამისა, ცენტრს მიმწოდებელთა მიმართ 2018 წლის აპრილის მონაცემებით, 165 000 ლარზე მეტი დავალიანება უფიქსირდება. მიზეზად ბიზნესგეგმის შეუსრულებლობა სახელდება.

„ხელოვნურად მოხდა კვების ხარჯების და მედიკამენტების ხარჯების შემცირება 38%-იდან 30%-მდე და ამის ხარჯზე გაიზარდა ადმინისტრაციული ხელფასები და ხარჯები. მენეჯმენტმა ხელფასის სახით გასცა ბიზნესგეგმით გათვალისწინებულზე 81 642 ათასი ლარით მეტი თანხა. ამის გამო კი, ცენტრს წარმოექმნა კრედიტორული დავალიანება”, –  აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის ხელმძღვანელი კახაბერ ძიმისტარაშვილი.

დარღვევებიდან გამომდინარე შიდა აუდიტის დეპარტამენტი მოითხოვს, რომ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს”, რომელიც  ბედიანის და სურამის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებს აერთიანებს, გაეგზავნოს აღნიშნული ანგარიში, რათა მან განიხილოს ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი და დაინიშნოს დროებითი მმართველი. დროებით მმართველს დაევალება, უმოკლეს ვადებში გაწეროს დაწესებულების რეაბილიტაციისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების გეგმა.