ჯანდაცვის სამინისტრო - კანონის მიხედვით, 2020 წელს სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარი, ხოლო 2022 წელს 1500 ლარი გახდება
2020 წელს სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარი, ხოლო 2022 წელს – 1500 ლარი გახდება – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
როგორც თამარ ბარკალაიამ აღნიშნა,ჯანდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა, ბენეფიციართათვის იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდება, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს.
„სოციალური მუშაკები და სოციალური მუშაობა საჭიროებს დამატებით რესურსებს, გაძლიერებასა და მხარდაჭერას. ეს პროცესები აქტიურად დაწყებულია 2018 წლიდან. სახელმწიფოს აქვს გეგმა, რომ სოციალური მუშაობა გააძლიეროს, განავითაროს და მათი შესაბამისი ხელშეწყობა უზრუნველყოს, რათა ხარისხიანი სოციალური მუშაობა იქნეს უზრუნველყოფილი. ეს გეგმა არის ეტაპობრივი და საჭიროებს შესაბამისი რესურსებს. რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რომელსაც გაფიცული სოციალური მუშაკები აყენებენ, მათი ნაწილი შესრულებულია, ნაწილის შესრულება მიმდინარეობს და ნაწილზე არსებობს სამოქმედო გეგმა. კერძოდ, ნაწილობრივ მოგვარებულია ტრანსპორტირების საკითხი. თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკებს მოემსახურება. საჭიროების შემთხვევაში მათ გამოეყოფათ დამატებითი მანქანა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, გრძელდება მუშაობა დამატებითი რესურსის მოსაპოვებლად და მიმდინარეობს მოლაპარაკება პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან სამინისტროსთვის მანქანების გადმოცემის თაობაზე“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
მისივე თქმით, თბილისში სოციალურ მუშაკებს აქვთ სპეციალური ბარათები, რომლითაც საზოგადოებრივ მუნიციპალურ ტრანსპორტში საშეღავათო ფასით სარგებლობენ.
„თითოეულ რეგიონში არის თითო ფსიქოლოგი. დაგეგმილია კიდევ ერთი ფსიქოლოგის დამატება თბილისში, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომელიც გააჩენს შესაძლებლობას, გაიზარდოს ფსიქოლოგების რაოდენობა. ასევე რეორგანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაემატება 12 იურისტი. კონკურსი უკვე გამოცხადებულია“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, 2019 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დაემატება 50 სოციალური მუშაკი, კონკურსი უკვე დასრულებულია 30 ვაკანტურ ადგილზე.
„იგეგმება ყოველ წელს სოციალური მუშაკების როგორც რაოდენობის, ასევე მათი სახელფასო განაკვეთის ზრდა, რომელიც გათვალისწინებული იყო 2018 წელს პარლამენტის მიერ შემუშავებულ საქართველოს კანონში „სოციალური მუშაობის შესახებ“. კანონის მიხედვით 2020 წელს სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 2022 წელს – 1500 ლარამდე. უკვე დამტკიცდა ბრძანება „სოციალური სამუშაოს ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული საქმეებისგან სოციალური მუშაკები უკვე გათავისუფლებულები არიან. დაიხვეწება საპროცესო წარმომადგენლობის ბიზნეს პროცესი უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის ფორმატში (CCM), ასევე იგეგმება 20 სპეციალიზებული სოციალური მუშაკის გადამზადდება და ჩართვა საპროცესო წარმომადგენლობაში“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
თამარ ბარკალაიას კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.