ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარი - „კოვიდი“ ჯერ კიდევ ჩვენთან არის და სულ უფრო ხშირად ვრცელდება ჩვენს საზოგადოებაში
„კოვიდი“ ჯერ კიდევ ჩვენთან არის და სულ უფრო ხშირად ვრცელდება ჩვენს საზოგადოებაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა Euractiv-ს განუცხადა.
ევროკომისარმა ხაზი გაუსვა ვაქცინაციის აუცილებლობას სამი ვირუსის ერთდროულად არსებობის ფონზე.
„ვაქცინაცია რჩება გადამწყვეტ ფარად „კოვიდის“ წინააღმდეგ, განსაკუთრებით ჩვენს საზოგადოებებში ყველაზე დაუცველთათვის. სექტემბერში ჯანდაცვის ყველა მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში აღვნიშნე „კოვიდისა“ და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ“, – აღნიშნა კირიაკიდესმა.
ბოლო მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში „კოვიდის“ შემთხვევების ხელახალი ზრდა ფიქსირდება. კირიაკიდესის თქმით, დამატებითი გამოწვევაა სხვა რესპირატორული დაავადებებიც.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სიტუაციის უფრო მკაფიო სურათის ნახვა, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი, როდესაც საშობაო არდადეგების შემდეგ საზოგადოებრივი შეკრების ადგილები ისევ შეივსება.