ვირუსის გავრცელების შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუ ქვეყნები მიიღებენ მკაცრ ზომებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.
საგანგებო კომიტეტის რიგით მეორე შეხვედრა, რომელიც ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მოიწვია ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, 2020 წლის 30 იანვარს გაიმართა.
ინფორმაციას კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ასევე განცხადების თარგმანს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, კომიტეტის ძირითად მიზანს წარმოადგენს რჩევის მიცემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორისთვის, რათა მან მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, საჭიროა თუ არა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობის (PHEIC) გამოცხადება. კომიტეტი ასევე გასცემს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რჩევებსა და დროებით რეკომენდაციებს.
დასკვნები და რჩევები
კომიტეტი მიესალმება ჩინეთის მთავრობის მაღალ ჩართულობას, გამჭვირვალობას და ძალისხმევას, რათა გამოიძიონ და შეაჩერონ მიმდინარე ეპიდაფეთქება. ჩინეთმა სწრაფად შეძლო ვირუსის აღმოჩენა და შემდეგ ინფორმაციის გაზიარება, რამაც ხელი შეუწყო სხვა ქვეყნებს, მოეხდინათ სწრაფი დიაგნოსტირება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათ ყოველდღიური კონტაქტი აქვთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ახორციელებენ მულტისექტორულ თანამშრომლობას, რათა შეაჩერონ ვირუსის შემდგომი გავრცელება.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ უცნობია მრავალი საკითხი, ერთი თვის განმავლობაში შემთხვევები დაფიქსირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხუთ რეგიონში, ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა კი დაფიქსირდა ქალაქ ვუხანში და ჩინეთის ფარგლებს გარეთ.
კომიტეტს სჯერა, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ვირუსის გავრცელების შეჩერება, თუ ქვეყნები მიიღებენ მკაცრ ზომებს, რათა მოახდინონ დაავადების ადრეული აღმოჩენა, იზოლაცია, მკურნალობა, კონტაქტების კვლევა და რისკის შეფასებიდან გამომდინარე სოციალური დისტანცირების ხელშეწყობა.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროა სტრატეგიული მიზნებისა და ზომების მიღება, რათა მოვახდინოთ პრევენცია და შევამციროთ ინფექციის გავრცელების რისკი.
კომიტეტი თანხმდება, რომ ეპიდაფეთქება შეესაბამება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობის (PHEIC) გამოცხადების კრიტერიუმებს და გვაძლევს შემდგომ რჩევებს, როგორც დროებით რეკომენდაციებს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას:
განაგრძონ:
- ყოვლისმომცველი რისკის კომუნიკაციის სტრატეგიის განხორციელება, რათა რეგულარულად მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია ეპიდაფეთქების განვითარების შესახებ, პრევენციის, კონტროლისა და ასევე რეაგირების ღონისძიებების გატარება, რათა მოხდეს პროცესის შეკავება;
- საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რაციონალური ღონისძიებების გაძლიერება, რათა მოხდეს მიმდინარე ეპიდაფეთქების შეჩერება;
- ჯანმრთელობის სისტემის გამძლეობის უზრუნველყოფა და ჯანდაცვის მუშაკების დაცვა;
- ზედამხედველობის გაძლიერება და შემთხვევების აქტიური მოძიება ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე;
- თანამშრომლობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და პარტნიორებთან, რათა განახორციელონ კვლევა, რაც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ ამ ეპიდაფეთქების ეპიდემიოლოგია და ევოლუცია, და მივიღოთ ზომები, რათა შევაჩეროთ ის;
- მონაცემების გაზიარება ყველა ადამიანის შემთხვევაზე;
- ძალისხმევის გაძლიერება, რათა დავადგინოთ ეპიდაფეთქების გამომწვევი ცხოველური წყარო, და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გაზიარება, როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება;
- გამსვლელთა სკრინინგის ჩატარება, საერთაშორისო აეროპორტებსა და პორტებში, სიმპტომური მოგზაურების ადრეული გამოვლენის, შემდგომი შეფასებისა და მკურნალობისთვის, სანამ მოხდება მათი საერთაშორისო მიმოსვლაში ჩართვა.
სხვა ქვეყნებისთვის
- მოსალოდნელია, რომ მომავალში საერთაშორისო შემთხვევების იმპორტი მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში, ამრიგად ქვეყნები მზად უნდა იყვნენ მოახდინონ მათი შეკავება, რაც მოიცავს აქტიურ ზედამხედველობას, ადრეულ გამოვლენას, იზოლაციას, შემთხვევის მართვას, კონტაქტების კვლევას და 2019-nCoV ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენციას, ასევე სრულ მონაცემთა გაზიარებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან;
- ქვეყნებს შევახსენებთ, რომ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების თანახმად (IHR), მათ ლეგალურად ევალებათ მონაცემთა გაზიარება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან;
- ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ შემცირდეს ადამიანთა ინფიცირება, უზრუნველყონ მეორადი და საერთაშორისო გავრცელების პრევენცია, წვლილი შეიტანონ საერთაშორისო რეაგირებაში მულტისექტორული კომუნიკაციით, კოლაბორაციით, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო აქტივობებსა და საველე კვლევების წინსვლაში;
- კომიტეტი ადასტურებს, რომ ზოგადად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციებისას, ადამიანთა და საქონლის გადაადგილების შეზღუდვა შესაძლოა იყოს არაეფექტური. გარდა ამისა, შეზღუდვებმა შესაძლოა შეაფერხონ პირველადი და ტექნიკური დახმარების მიღება, შეფერხდეს ბიზნესი, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს დაზარალებული ქვეყნების ეკონომიკაზე;
- თუმცა, გარკვეულ კონკრეტულ გარემოებებში, ზომები, რომლებიც ზღუდავს ხალხის გადაადგილებას, შეიძლება დროებით სასარგებლო იყოს, იმ შემთხვევაში, თუ არ არის რეაგირების სათანადო შესაძლებლობები, ან იქ, სადაც მაღალია ინფექციის გავრცელება მოსახლეობაში. ასეთ სიტუაციაში ქვეყნებმა უნდა განახორციელონ რისკისა და ხარჯთეფექტურობის ანალიზი, ვიდრე განახორციელებენ მსგავს შეზღუდვებს, რათა შეფასდეს, სარგებელი უფრო მეტი იქნება თუ დანაკარგი;
- ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების თანახმად, მოგზაურობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ზომის განხორციელების შესახებ ქვეყნებმა აუცილებლად უნდა შეატყობინონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების მესამე მუხლის თანახმად, ქვეყნები უნდა გაფრთხილდნენ ყველა იმ ქმედების განხორციელებისას, რომელიც ხელს შეუწყობს სტიგმას და დისკრიმინაციას.