„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ ევროკავშირს ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის დაწესების გამო აკრიტიკებს
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაცია“ აკრიტიკებს ევროკავშირის გეგმას ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის დაწესების თაობაზე.
როგრც „ბიბისი“ იუწყება, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ ხელმძღვანელის მოადგილემ, მარიანგელა სიმაომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ძალიან შემაშფოთებელი ტენდენცია უწოდა.
მანამდე „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქინების ნაციონალიზმმა შესაძლოა, მსოფლიოს აღდგენის პროცესი გააჭიანუროს.
დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ვირტუალურ კონფერენციაზე გამოსვლისას, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რომელიმე ქვეყნის მიერ ვაქცინების ჭარბად მომარაგება პანდემიის გახანგრძლივებას ხელს შეუწყობს და გლობალური ეკონომიკის აღდგენას შეაფერხებს, ამასთან ეს იქნება კატასტროფული მორალური მარცხი, რომელმაც შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს გლობალური უთანასწორობა.
როგორც გუშინ ევროკომისიაში განაცხადეს, ევროკავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს. ახალი რეგულაცია მარტის ბოლომდე იქნება ძალაში.