ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება სამედიცინო მომსახურების ხარისხს საფრთხეს არ უქმნის
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება სამედიცინო მომსახურების ხარისხს საფრთხეს არ უქმნის

დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე გათანაბრებული ტარიფები ამოქმედდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა, აღნიშნული ცვლილება პაციენტების მომსახურების ხარისხს საფრთხის ქვეშ არ დააყენებს, რადგან ტარიფები ისეა დათვლილი, რომ ხარისხიანი მკურნალობა გარანტირებული იყოს.

კლინიკების წარმომადგენელთა პრეტენზიაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ტარიფები მნიშვნელოვნად შემცირდა და ახალი ფასების პირობებში ვერ შეძლებენ ადეკვატური ხარისხის სერვისების მიწოდებას, გაბუნია ამბობს, რომ ცვლილებამდე კლინიკებში მოქმედ ტარიფებს შორის დიდი განსხვავება იყო.

„მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, მკურნალობის ღირებულებაში ჩადებული იყო ისეთი ხარჯები, როგორიც არის, ჰონორარი პაციენტის მიერ შერჩეული ექიმისთვის, ძვირადღირებული აპარატის გამოყენება და ა.შ. სამინისტროს მიერ დაწესებულ ტარიფში გათვალისწინებულია ხარისხიანი აპარატურის გამოყენება. სამინისტრო ელოდება კლინიკების მიერ დასაბუთებული შეთავაზების მიღებას ტარიფებთან დაკავშირებით და მათი მხრიდან ძლიერი არგუმენტების წარდგენის შემთხვევაში შესაძლოა, დადგენილებაში კორექტივები შევიდეს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, გაბუნია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვით საზოგადოების შედარებით მოწყვლადი პირები სარგებლობენ. იმ მოქალაქეებს კი, ვისაც სურს დამატებითი თანხების გადახდა გარკვეულ სერვისებში, აქვთ შესაძლებლობა, კერძო დაზღვევა შეიძინონ, რის შედეგადაც არჩევანში არ იქნებიან შეზღუდული.

11 ნოემბერს კლინიკების ნაწილმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართა, რომელშიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებების გადავადებას ითხოვდნენ. მათი შეფასებით, ეს დრო საჭიროა, რათა მოხდეს საკითხის ფართო განხილვა და ისეთი ტარიფების მიღება, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს.

ღია წერილის ხელისმომწერები აცხადებენ, რომ 2013 წელთან შედარებით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულება გაზრდილია, ხოლო ანტიბიოტიკებზე ფასები იმავე პერიოდში 76 პროცენტითაა მომატებული. წერილს ერთვის გრაფიკები, სადაც ნაჩვენებია სისხლისა და სისხლის კომპონენტების ღირებულების ზრდის დინამიკა 2012 წლიდან დღემდე. მატება 40-დან 130 პროცენტს აღწევს. იქვე მოცემულია ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ოპერაციის ღირებულების ფასების დინამიკა. მაგალითად, კორონარული არტერიის შუნტირების ღირებულება 4029 დოლარია, რაც დღევანდელი კურსით, 11925 ლარს შეადგენს. მთავრობის დადგენილებით კი, ამ ოპერაციის ფასი 8500 ლარად (ანუ 2871 დოლარი) განისაზღვრა.

ღია წერილში ასევე ნათქვამია, რომ კლინიკებს უმძიმეს ტვირთად აწევთ საყოველთაო დაზღვევის პროგრამით თანხების სახელმწიფოსგან დაგვიანებით (პრაქტიკულად 5-6 თვე) მიღება.

ხელმომწერები აცხადებენ, რომ ტარიფების შემცირებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მსხვილ ქალაქებში ინტენსიურის საწოლების რაოდენობის შემცირება და პაციენტების მკურნალობის ხარისხის მკვეთრად გაუარესება.

კლინიკების წარმომადგენლები გუშინ პარლამენტში, დეპუტატებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებსა და ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ.