ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, რა ჩივილების შემთხვევაში გადის სასწრაფო დახმარება გამოძახებაზე
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე იმ შემთხვევაში გადის, როდესაც პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8 ან მეტი და რომელიმე ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი – ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა. ასევე, პაციენტი რომელიღაც რისკჯგუფს თუ განეკუთვნება, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევათა ბინაზე მართვის ინსტრუქციისა და მტკიცების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის 12 ნოემბრის ბრძანების შესაბამის დანართშია აღნიშნული.
დანართის თანახმად, რისკჯგუფებში შედიან პაციენტები შემდეგი მონაცემებით: 65 წელი და ზემოთ; ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, ორი კვირა; თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის წინ დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი. ასევე, თუ ტემპერატურასთან (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) ერთად გამოხატულია ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან ერთ-ერთი: მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი); დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია); ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე); კრუნჩხვა. თუ გამოძახება ხდება ქუჩაში/დაწესებულებაში; თუ პაციენტი არის უცხოენოვანი; თუ პაციენტი არის 5 წლის ან ნაკლები ასაკის მქონე პირი.
გამოძახება გადაეცემა ოჯახის ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8-ზე ნაკლები, მიუხედავად შემდეგი სიმპტომებიდან ერთ-ერთის არსებობისა: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა, ასევე მიუხედავად რისკ-ფაქტორებისა.
დანართში აღნიშნულია, რომ ოჯახის ექიმთან არ ხდება შემთხვევის გადამისამართება, თუ მოქალაქეს აღენიშნება გულთან დაკავშირებული პრობლემები, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ.