ჯანდაცვის მინისტრის ახალ მოადგილეებად თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე დაინიშნენ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„თეა გიორგაძე „საპარტნიორო ფონდის“ სამედიცინო კონსულტანტი იყო. სხვადასხვა წლებში ის ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა.
მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ დაინიშნა ირინე წაქაძეც, რომელიც აღნიშნულ პოზიციამდე იუსტიციის სამინისტროში, სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მას სახელმწიფო უწყებაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა გიორგი პატარიძე. ის 2021 წლამდე იუსტიციის სამინისტროს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის” – გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. სახელმწიფო უწყებების გარდა, გიორგი პატარიძეს აქვს კერძო სექტორში მუშაობის წარმატებული გამოცდილებაც“, – აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას თამარ გაბუნია განაგრძობს.