ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტები, ისრაელის საელჩოს შუამდგომლობით, უკრაინის უნივერსიტეტებიდან საქართველოში მობილობით გადმოსვლას დაჩქარებული წესით შეძლებენ
ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტები, ისრაელის საელჩოს შუამდგომლობით, უკრაინის უნივერსიტეტებიდან საქართველოში მობილობით გადმოსვლას დაჩქარებული წესით შეძლებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, მთავრობის მხარდაჭერითა და საქართველოში ისრაელის საელჩოს შუამდგომლობით, ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტები, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, გადმოსვლას მობილობის დაჩქარებული პროცედურებით შეძლებენ, – ამის შესახებ განათლების სამინისტროს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ აღიარებულ ინგლისურენოვან მედიცინის პროგრამებს, ასევე ფარმაციისა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს.

„მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მობილობის შესაბამისი პროცედურების დაჩქარებული წესით ადმინისტრირებას, კრედიტების აღიარებასა და სტუდენტების დროულ ჩარიცხვას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართოთ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და გამოხატონ თავიანთი სურვილი სწავლის გაგრძელების თაობაზე. შემდგომ აუცილებელ საჭირო პროცედურებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაჩქარებულ ვადებში გაუწევს ადმინისტრირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.