ჯანდაცვის კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა.
საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება სხდომაზე სოციალური ქსელის, „სკაიპის“ საშუალებით მიმდინარეობდა.
ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის განცხადებით, საბჭოს წევრობის 50 კანდიდატურიდან ხუთი იქნა შერჩეული, რომლებსაც რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.
„ოთხ კანდიდატს დისტანციურად მოვუსმინეთ, ერთი კი, ქართველია და წარმოდგენილი იყო კომიტეტის სხდომაზე. ფარული კენჭისყრის შედეგად, კომიტეტმა მხარი დაუჭირა და რეკომენდაცია გაუწია ხუთივე კანდიდატს. ერთხმად იყო მხარდაჭერა ყველა კანდიდატის მიმართ, გარდა ერთისა. ამ შემთხვევაში, ერთი დეპუტატი იყო წინააღმდეგი. უკვე პლენარულ სხდომაზე მოხდება მათი კენჭისყრა და დამტკიცება, ასევე ფარული კენჭისყრით“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის შეფასებით, საბჭოს წევრობის კანდიდატები მაღალი კლასის პროფესიონალები არიან.
„დღეს საინვესტიციო საბჭოს შერჩეულ კანდიდატებთან საკომიტეტო მოსმენა გაიმართა. ნაწილი ჩაერთო ელექტრონულად, რასაც კანონი ითვალისწინებს. კომიტეტმა მოუსმინა მათ, დაუსვა დამაზუსტებელი კითხვები და ყველა პასუხი ამომწურავი იყო. ისინი არიან მაღალი კლასის და დონის პროფესიონალები უცხო ქვეყნებიდან, საფრანგეთიდან ფინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე საქართველოდან“, – განაცხადა სურგულაძემ.
მისი განმარტებით, საინვესტიციო საბჭო შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც დამტკიცდება. თანხების ინვესტირება ამ დოკუმენტის შესაბამისად მოხდება.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის ხუთი კანდიდატია: დავით წიკლაური, ტიმო ვიჰერკენტა, ოლივიე რუსსო, ჟან-ფრედერიკ პოლსენი და მაიკლ რიდლი.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.