ჯანდაცვის კომიტეტის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა
ჯანდაცვის კომიტეტის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სხდომის ფარგლებში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დადებითად შეფასდა.

„ჩვენ თითოეული პუნქტის ინდიკატორი განვიხილეთ. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანში ჩამორჩენა არ არის და გარკვეული პუნქტები წინსწრებითაც სრულდება. მთლიანობაში ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების შესრულება ცალსახად დადებითად შეფასდა”, – განმარტა მინისტრმა.

შეხვედრაზე უწყების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარადგინა. მან ყურადღება პროგრამებისა და ბიუჯეტის ზრდაზე გაამახვილა.

მისივე განმარტებით, სახელმწიფოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებისა და გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

მოხსენების შემდეგ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ სფეროს განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ წარადგინა პრეზენტაცია. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. გასვლითი სხდომა გუშინ გაიხსნა.

ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.