ჯაბა ჯიშკარიანი - 13 წელია, კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ვაკეთებ განცხადებებს და პროკურატურა რატომღაც ახლა დაინტერესდა
თბილისის საკრებულოს წევრის, ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, პროკურატურაში გამოკითხვაზე მას კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულის, გიორგი ცააძის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გააცნეს.
ჯიშკარიანი გამოკითხვაზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, დაბარება რამდენიმე დღის წინ, სატელევიზიო ეთერში მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდა, რომლის მიხედვით: „ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელი გიგი დალაქიშვილი, რომელიც 2006 წელს ისანი-სამგორის პოლიციაში მუშაობდა, მოქმედმა ხელისუფლებამ 2013 წელს დააწინაურა და ქალაქის სამმართველოს უფროსად დანიშნა“.
მისი თქმით, გამოკითხვაზე უთხრეს, რომ აღნიშნული განცხადების შემდეგ გიორგი ცააძემ უწყებას ციხიდან წერილი გაუგზავნა და ჯიშკარიანის გამოკითხვაზე დაბარება მოითხოვა.
„მოვუწოდებ პროკურატურას, დამნაშავის მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაცვლად, თაროზე შემოდებული საქმეები გამოიძიონ“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
რაც შეეხება კითხვებს, მისი განმარტებით, პროკურატურა დაინტერესდა, საიდან ფლობდა ინფორმაციას გიგი დალაქიშვილის დანაშაულში მონაწილეობის შესახებ და რა ურთიერთობა ჰქონდა მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილთან.
„მათ განვუმარტე, რომ წლების განმავლობაში, წინა და მოქმედი ხელისუფლებების დროს, ამ საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად დაგეგმილი ყველა კამპანიის მონაწილე ვარ. 13 წელია, ამ საქმეზე ვაკეთებ განცხადებებს და რატომღაც მხოლოდ ახლა დაინტერესდა პროკურატურა ჩემი ჩვენებით“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.