იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 000, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება
საქართველოს პარლამენტმა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით ჯარიმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
საკანონმდებლო პაკეტს კენჭი დღევანდელ სხდომაზე უყარეს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარით.
ამ ჩანაწერთან მიმართებით შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შეუძლია, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის თანახმად, გონივრულ ვადაში გადაიყვანოს შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად.
ასევე, ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ გარდა, ცვლილებები შევიდა „სისხლის სამართლის კოდექსში“. კერძოდ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი (4210 ) მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული ან ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ დაისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ამ მუხლთან მიმართებით კანონპროექტში შენიშვნის სახით განმარტებულია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
ასევე, პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა (მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია), ასეთი ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული ან ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამ მუხლთან მიმართებითაც ნათქვამია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.