ივნისში საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 186.6 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.
მიმდინარე წლის მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 189.6 ლარი იყო, ივნისში კი, ეს მაჩვენებელი 3 ლარით შემცირდა და 186.6 ლარზე დაფიქსირდა.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, მაისთან შედარებით, ივნისში 2.6 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 165.3 ლარს შეადგენს. 5 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 313.0 ლარზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, სულადობის მიხედვით, ივნისში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 165.3 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი – 264.4 ლარით, სამსულიანი – 297.5 ლარით, ოთხსულიანი – 330.5 ლარი, ხუთსულიანი – 371.9 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 439.6 ლარი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.