ივერთუბნის დასახლებაში პარკის მშენებლობა მიმდინარეობს
ივერთუბნის დასახლებაში პარკის მშენებლობა მიმდინარეობს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ არსებულ 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, პარკის მშენებლობას ახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურების სისტემები მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში საპარკე ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი ხორციელდება, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომ აღნიშნული სივრცე იყოს მოწესრიგებული და გამწვანებული. აქ, დაახლოებით, 1 100 ოჯახი ცხოვრობს და არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, რომ თავიანთი შვილები, შვილიშვილები რეკრეაციულ სივრცეში გაიყვანონ, დაასვენონ და გაერთონ. ძალიან კარგი პროექტია – ტერიტორია გამწვანდება, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები, ბავშვებისთვის კი ატრაქციონი. დიდი ტერიტორია არ არის, თუმცა, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმუმს გავაკეთებთ. გარდა ამისა, დასახლებაში მოეწყო სატუმბი სადგური, რათა წყალარინების ქსელი ყველანაირად მოწესრიგებული ყოფილიყო. პროექტი სრულდება, პარალელურად კი მიმდინარეობს დაქსელვა და აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ეს პრობლემაც მოეხსნებათ. ასევე, დაგეგმილი გვაქვს საბავშვო ბაღის მშენებლობა და ყველა ის დაპირება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან გავეცით, ზედმიწევნით შესრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა გამწვანებული თარგები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაითესება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ჩუღურეთის გამგებელი დავით უთმელიძე, ასევე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში – გიორგი ვოლსკი და ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდნენ.