ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებს პროკურატურა დამატებით მტკიცებულებად წარადგენს
ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებს პროკურატურა დამატებით მტკიცებულებად წარადგენს

პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, რომელიც მან 28 იანვრის შემდეგ გააკეთა, დავით გარეჯის საქმეზე მტკიცებულებად იქნება წარდგენილი.

როგორც მიხეილ სადრაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ეს საჯარო განცხადებები საქმეს დაერთოს.

„ივერი მელაშვილის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთდა განცხადებები 28 იანვრის შემდგომ პერიოდში. ეს ეხება ბრალდების საქმეს და ეს საჯარო პოზიციები მნიშვნელოვანია, რომ იყოს წარდგენილი საქმეში. იყო მისი ორი საჯარო განცხადება და საჯარო პოზიციის დაფიქსირება“, – განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, გირაოთი გათავისუფლებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა: „ვიღაც ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს“.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.

ბრალდების მხარე 30 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა ცვლილებებით დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების დაკავებულების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურამ მიერ 21 იანვარს საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.

დატოვე კომენტარი