დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ე.წ. მატროსოვის ციხეში მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მან დაკავებულს საქმის მასალების ნაწილი გააცნო და ძირითადი საუბრის თემა საქმეში არსებულ რუკებს შეეხებოდა.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„ძირითადი საუბარი ბატონ ივერისთან შეეხებოდა რუკებს და მისი სწორად წაკითხვის საკითხებს. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე კიდევ უფრო მეტად არის ცხადი და ნათელი, რომ პროკურატურას სურს ეს ადამიანი ჰყავდეს საპატიმროში და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ბრალდებით ეყოლება. თუ ისინი ჩახედავდნენ ამ საქმეს და ჩავიდოდნენ სიღრმეებში მიხვდებოდნენ, რომ ამ საქმეზე გამოძიება საერთოდ არ უნდა დაეწყოთ. დაკავებულის პოზიცია არის ცალსახა, რომ ის არის მსხვერპლი უაზრო, მისთვის გაუგებარი მოქმედებების. მეორე მხრივ, ის არის იმ პოლიტიკური პროცესების მსხვერპლი, რომელიც მიმდინარეობს“, – განაცხადა ადვოკატმა.