ივერი მელაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ირაკლი უგულავას მიერ მომზადებულ ექსპერტიზის დასკვნაში წერია ის, რაც პროკურატურას არ აწყობს
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეს არ აღმოაჩნდა გამბედაობა, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა.
„ამ საქმის სპეციფიკიდან და კონტექსტიდან გამომდინარე, განსახვავებულ გადაწყვეტილებას სჭირდებოდა ძალიან დიდი გამბედაობა, თუმცა მოსამართლეს ეს გამბედაობა არ აღმოაჩნდა. ზოგადად, ეს გამბედაობა მართლმსაჯულების სისტემისთვის არის უცხო“, – აღნიშნა ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში რჩებიან.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, ედუარდ მარიკაშვილი ადასტურებს, რომ ის გიგი უგულავას ძმამ, ირაკლი უგულავამ მოამზადა. მისივე თქმით, დასკვნაში წერია ის, რაც არ არის ხელსაყრელი პროკურატურისთვის.
„დავადასტურებ, რომ ექსპერტი არის ბატონი ირაკლი უგულავა. ის არის გეო-საინფორმაციო ინჟინერიის სპეციალისტი, მას აქვს მუშაობის 21-წლიანი სტაჟი. მთავარი არის, რომ ამ დასკვნაში წერია ის, რაც პროკურატურას არ აწყობს. არ არის გასაკვირი, რომ პროკურატურამ არ მიიჩნია ეს დასკვნა მნიშვნელოვნად. ჩვენ არსებით სხდომაზეც წარვადგენთ. ძალიან ბევრი ექსპერტი, რომელიც პროკურატურას ჰყავს ჩართული, არ არის კარტოგრაფი“, – განაცხადა ადვოკატმა.