დებატების ვალდებულება ყველა მაუწყებელს აქვს, თუმცა ძალიან ბევრი წელია, ესეც ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჩვენთან, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ სტუმრობისას განაცხადა.
„ყველა საერთო მაუწყებელს აქვს ვალდებულება, ჰქონდეთ საინფორმაციო გამოშვებები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები. დღეს ჩვენ გვყავს 55 საერთო მაუწყებელი, რომელიც ახორციელებს მაუწყებლობას, შესაბამისად, ექვემდებარება მონიტორინგს და მათ ასევე აქვთ ვალდებულება წინასაარჩევნო დებატების განთავსების. წინასაარჩევნო დებატების ფორმას არ იცნობს კანონმდებლობა და შესაბამისად, კომისია არ ეუბნება მაუწყებელს, გინდა თუ არა, დებატები ამ სახით ან იმ სახით უნდა ჩაატაროო. ამას თავად ირჩევს მაუწყებელი. ეს 60-დღიანი წინასაარჩევნო პერიოდი რომ დამთავრდება, ფაქტობრივად, ჩვენ გვიწევს შემდეგ რეაგირება, მოხდა თუ არა ამ ვალდებულების შესრულება. მაუწყებელმა შეიძლება თქვას, მე ბოლო დღეს ვაპირებდი საარჩევნო დებატის განთავსებასო. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ, მას დაველოდოთ. ეს ვალდებულება მაუწყებლებს გააჩნიათ მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიმართ, თუმცა ძალიან სამწუხარო რეალობაა არის ის, რომ, ფაქტობრივად, დებატები მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზეა“, – განაცხადა მახარაძემ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები ამბობენ უარს დებატებში მონაწილეობაზე და მაუწყებელი ამის გამო ვერ ახერხებს დებატების გაკეთებას, მაუწყებელს უნდა ჰქონდეს ამის მტკიცებულება, წერილი თუ საჯარო განცხადება გადაცემის ფარგლებში, რომ მიიწვია პოლიტიკური პარტია, მაგრამ პოლიტიკურმა პარტიამ უარი განაცხადა დებატებში მონაწილეობაზე. ამ შემთხვევაში მაუწყებელი თავისუფლდება ვალდებულებისგან და არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
მისივე თქმით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მაუწყებელს საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე გადაუწყვეტია, მიეწვია, მაგალითად, ოთხი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, დანარჩენი სამი კი არა, იმ მოტივით, რომ ის სამი რეიტინგული ან საინტერესო არ არის, რაც არ შეიძლება.
მახარაძემ ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის განთავსება კენჭისყრამდე 48 საათით ადრე უნდა გაჩერდეს, ხოლო წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამების განთავსება უნდა შეწყდეს კენჭისყრის დღემდე რვა საათით ადრე, თუმცა ესეც პრობლემური საკითხია და კომისია მათ ამ ვალდებულების დაცვისკენაც მოუწოდებს.
გიორგი გვიმრაძემ გადაცემის სტუმარს იმ შემთხვევასთან დაკავშირებითაც ჰკითხა, როცა რამდენიმე მაუწყებელი კონკრეტული საარჩევნო სუბიექტისთვის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავდა კვლევებზე დაყრდნობით, რაზეც ივანე მახარაძემ განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში თუ ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულია ხუთი საზოგადოებრივი აზრის კვლევა და ამ ხუთივე კვლევის შედეგებიდან გამომდინარე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას მიღებული აქვს 4%-ზე მეტი, მაუწყებელს აქვს უფლებამოსილება, პოლიტიკურ პარტიას კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მიანიჭოს. მისივე თქმით, მანიპულაციების თავიდან აცილების მიზნით, მაუწყებელს აქვს ვალდებულება, ჩამოთვალოს სავალდებულო ინფორმაცია, რათა მაყურებელს ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ ჩაატარა კვლევა, რამდენი ადამიანი იქნა გამოკვლეული, რამდენია ცდომილების ფარგლები, როგორი იყო მეთოდოლოგია, კითხვების ზუსტი ფორმულირება და ა.შ. ამასთან, მაუწყებელმა უნდა გადაამოწმოს შედეგები, თავად უნდა დარწმუნდეს, რომ მანიპულაციას არ აქვს ადგილი და, ფაქტობრივად, შევიდეს ამ კვლევაში.
„კომისიის მიერ შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაიგზავნა სასამართლოში. ამ შემთხვევაში იყო კომპანია „ფორმულა“. კომისიის გადაწყვეტილებამ გაიარა სასამართლო კონტროლი, თუ არ ვცდები, პირველი ინსტანცია და ეს პრაქტიკაც ჩამოყალიბდა. სხვათა შორის, ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება. კანონში ეს ჩანაწერი დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ არცერთ მაუწყებელს არცერთხელ არ მიუნიჭებია პარტიისთვის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსი“, – განაცხადა მახარაძემ.
როგორც მახარაძემ აღნიშნა, შინაარსობრივი მედიამონიტორინგის დოკუმენტი, პირველი თვის შედეგები, ხვალ გამოქვეყნდება.
„ის მოიცავს ისეთ შინაარსობრივ საკითხებს, რომელზე რეაგირებაც კანონის საფუძველზე შეიძლება, არ ხდება და ის თვითრეგულირების ნაწილია, როგორც არის, მაგალითად, მიუკერძოებლობის სტანდარტი, სამართლიანობის სტანდარტი და ა.შ. თუმცა კომისიის ანგარიშებში ხვდება სხვა ყველა ვალდებულებასთან ერთად“, – განაცხადა მახარაძემ.
მისი თქმით, კომისია მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა რაოდენობრივ ანგარიშებს, შემდეგ კი, 2018 წელს, ეუთო/ოდირის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, კომისია არა მხოლოდ რაოდენობრივ ჭრილში დარჩენილიყო, არამედ შინაარსობრივი მონიტორინგიც გაეკეთებინა, რომ მკითხველისთვის უფრო გასაგები ყოფილიყო, რა ხდებოდა მედიაგარემოში კონკრეტულ წინასაარჩევნო პერიოდში.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ძირითადი მიგნებები აქვს კომისიას, რომელიც ამ დოკუმენტში აისახა, ივანე მახარაძემ განაცხადა, რომ არა მხოლოდ კომისიის ამ ანგარიშის საფუძველზე, არამედ ზოგადად, ეუთო/ოდირის თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიც რომ ვნახოთ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მედიაგარემო არის ძალიან პლურალისტული, მრავალფეროვანი და ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია, ფაქტობრივად, ყველა დონეზე.
„ამას რომ მოვისმენთ და წავიკითხავთ ანგარიშებში, სამწუხაროდ, შემდეგ ვკითხულობთ, რომ მიუხედავად ამისა, მედიაგარემო არის ძალიან პოლარიზებული, ველი დაძაბულია, ადგილი აქვს მიკერძოებას, ცალმხრივ გაშუქებას, აზრისა და ფაქტების ერთმანეთისგან არგამიჯვნას, რაც არის ეთიკური სტანდარტების საფუძველი. სამწუხაროდ, დღევანდელ დღესაც ასეა, ყოველ შემთხვევაში, ეს პირველი თვე ამას ადასტურებს და დაკვირვება გვაჩვენებს, რომ, სავარაუდოდ, ეს ასე გაგრძელდება“, – განაცხადა მახარაძემ.