ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ სამიტზე ადამიანური კაპიტალის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, მესამე ყოველწლიური სამიტი გაიმართა, რომელიც „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ“ მსოფლიო ბანკის ახალ გლობალურ ინიციატივას მიეძღვნა. ინიციატივა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს.
სამიტზე სიტყვით გამოვიდა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, რომელმაც საქართველოში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. აღნიშნა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დასახელდა, დაახლოებით 20 ქვეყანას შორის, სადაც პირველად დაიწყება აღნიშნული პროექტის ინიცირება. სამიტზე საქართველომ შერჩეულ ხუთ ქვეყანასთან და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ კიმთან ერთად, აღნიშნული ინიციატივა ოფიციალურად წარადგინა.
სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა პროექტის ინიცირებისთვის და აღნიშნა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.
მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას გეგმავს, რაც პირველ რიგში განათლების სექტორს უკავშირდება. ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნულ სფეროში დაგეგმილი რეფორმები განხორციელდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და განათლების მაღალ ხარისხსა და საყოველთაო ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა ეტაპობრივად გეგმავს განათლების მიმართულებაზე გაწეული ხარჯების ზრდას, რათა საქართველო ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხითაც გახდეს საერთაშორისოდ აღიარებული რეფორმატორი ქვეყანა.
ფინანსთა მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა მთავრობის სოციალურ პოლიტიკასა და ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე ისაუბრა სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია, ფინანსური რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით რეფორმების წარმატებით განხორციელებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, მთავრობის, კერძო სექტორისა და საზოგადოების ერთსულოვნება, ასევე გლობალური მასშტაბით, ქვეყნების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა.
ივანე მაჭავარიანმა იმედი გამოთქვა, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაგეგმილი ინტენსიური რეფორმების განხორციელების პროცესში, მსოფლიო ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იქნება.
სამიტი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯიმ იონგ კიმმა სინგაპურის პრემიერ მინისტრ ლი სიან ლონგთან ერთად გახსნა.
ინფორმაცია სამიტში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მონაწილეობის შესახებ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.