ივანე მაჭავარიანი - ყველას მოვუწოდებ, არ შეიძლება, ქვეყანა ასეთ რისკამდე მივიყვანოთ
არ შეიძლება, ეს ქვეყანა ყოველ ჯერზე ასეთ რისკამდე მივიყვანოთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„მე მოვუწოდებ ყველას, გიორგი გახარიას მომხრეებსაც, მათაც, ვინც იმ შტურმში მონაწილეობდა, მათაც, ვინც არ მონაწილეობდა და თანაუგრძნობდა, მათაც, ვინც ნეიტრალური იყო, აბსოლუტურად ყველას მოვუწოდებ, რომ არ შეიძლება ეს ქვეყანა ყოველ ჯერზე ასეთ რისკამდე მივიყვანოთ,“ – განაცხადა მან.
მისი თქმით, მსგავსი პროცესები ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
„ამის შემდეგ კითხვები – ლარს რა მოუვიდა, ტურიზმს რა მოუვიდა, – ბევრად უფრო მძიმეა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს და ამას გულწრფელად გეუბნებით, რომ ვინმე სავარძელში ჩაჯდება თუ ხეზე ავა, ამის გამო გადავწვათ“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლამ წარსულში ტერიტორიების დაკარგვა და ომი გამოიწვია.
„მერამდენედ მეორდება, ეს ხომ გავლილი გვაქვს? ეს გაკვეთილები 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში მივიღეთ და ვიწვნიეთ. მანამდე ორი რევოლუცია მოხდა, რომლებსაც სხვადასხვაგვარად აფასებენ, მაგრამ ერთი საერთო ნიშანი, რაც ორივეს აქვს, არის, რომ ორივემ უცილობლად გამოიწვია ტერიტორიების დაკარგვა და ომი. ამას ვერავინ უარყოფს. გვაკლია ეს ამბავი? აქედან გამომდინარე, ყველა უნდა გაჩერდეს“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე.