ივანე მაჭავარიანი - ყველა ეჯიბრება ერთმანეთს, მაქსიმალურად ტემპერატურა აწიონ, ომის ზღვარს რომ მიუახლოვდება, დღენახევარში ვინ სად გარბის, კაციშვილი ვერ იპოვის
ოპონენტების მთავარი პრობლემაა, რომ ნებისმიერი რიტორიკა, რომელიც დაპირისპირების ისეთ დონეს არ გულისხმობს, რომელიც პრაქტიკულად ომის ზღვარზე გადის, ყველაფერი ითვლება პრორუსულობად, არასაკმარის პატრიოტობად, ეს არის პრობლემა, – ასე უპასუხა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტების კითხვას, რომ ოპონენტებმა სალომე ზურაბიშვილს გარეო-ში გამოსვლა დაუწუნეს.
„ომის წკიპზე რომ ხარ და აქედან თუ ოდნავ დაშორდი ეს იგი პრორუსული ხარ. ეს არის ძალიან მახინჯი და მანკიერი მიდგომა, რომელიც ვიცი, ოპონენტებს ახასიათებს და მგონია, რომ ეს არ გადავა ჩვენს მოსახლეობაზე, ყოველ შემთხვევაში ძირითად ნაწილზე. ყველა ეჯიბრება ერთმანეთს, რომ მაქსიმალურად ტემპერატურა აწიონ, ოღონდ ომის ზღვარს რომ მიუახლოვდება, იცით, რომ დღენახევარში ვინ სად გარბის კაციშვილი ვერ იპოვის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.