ივანე მაჭავარიანი - ვალის განულება არის ერთჯერადი აქტი და მიბმულია სესხის გაცემის წესების დიამეტრულად შეცვლასთან
ვალის განულება არის ერთჯერადი აქტი და მიბმულია სესხის გაცემის წესების დიამეტრულად შეცვლასთან, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა გარანტია არსებობს, რომ ის ადამიანები, ვისაც სესხი გაუნულდებათ ვალს აღარ აიღებენ, მინისტრი აცხადებს, რომ სესხის დაკრედიტება უპასუხისმგებლოდ ხდებოდა, რაც ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ აღარ მოხდება.
„არ ხდებოდა ადამიანის შემოსავლების შემოწმება, ხდებოდა დრაკონულად დიდი ჯარიმებისა და დიდი პროცენტების დარიცხვა. შემოვიდა რეგულაციები, რასაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტება ჰქვია. ეს არის ამოსავალი წერტილი. დღეიდან ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ ასე იოლად დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები შეძლებენ ასეთი სესხების აღებას. შესაბამისად, სუფთა ფურცლით იწყება ყველაფერი და შემდგომში პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს არამარტო საფინანსო ინსტიტუტმა, არამედ მსესხებელმაც. ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში აღებული სესხი, რომელიც უკვე ევროპული წესით იქნება დადგენილი, რამენაირად მოხდეს მისი გადაუხდელობა, ჩვენ ამას არ წავახალისებთ. ეს არის ერთჯერადი აქტი და მიბმულია იმასთან, რომ თამაშის წესები დიამეტრულად შეიცვალა”, – განაცხადა მაჭავარიანმა.