ივანე მაჭავარიანი - უახლოეს პერიოდში მაკროეკონომიკური სტიმულირების მოცულობით პაკეტს წარვადგენთ
მსოფლიო ეკონომიკა გლობალური შენელების პირას დგას, ყველაზე დიდ დარტყმას პირველ რიგში ტურიზმი და მომიჯნავე სექტორები მიიღებენ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს ეროვნულ ბანკში, ფეისბუქ-ლაივის საშუალებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ამ კუთხით, საქართველო შედარებით უფრო მოწყვლადია, რადგან სწორედ აღნიშნული სექტორები წარმოადგენენ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას.
„მეორე საკმაოდ ნეგატიური ფაქტორი, რომელიც ჩვენზე გავლენას ახდენს, ეს არის ნავთობის ფასების კოლაფსი. ამან ჩვენი ეკონომიკა დამატებითი გამოწვევების წინაშე დააყენა. თუმცა მინდა, დაგარწმუნოთ, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ ამ პროცესში მარტო არ ვართ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად ეკონომიკის მხარდამჭერი ღონისძიებები შემუშავდება. პირველ რიგში, შეთანხმება მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (სსფ).
„ამ დღეებში ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთან ერთადაც, ჩვენ შევიმუშავებთ ეკონომიკის მხარდამჭერ კომპლექსურ ღონისძიებებს. პირველ რიგში, ამ ეტაპზე, ვთანხმდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან განახლებულ მაკროეკონომიკურ სურათზე, რომელიც რეალურად იქნება ანტიკრიზისული ღონისძიებების ჩარჩო. ჩვენ ვგეგმავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ზრდას. აქვე გვაქვს ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები სხვა დონორ ორგანიზაციებთან და მათთანაც შესაძლებელი იქნება საკმაოდ სერიოზული დახმარებების მობილიზება“, – ამბობს ივანე მაჭავარიანი.
ამასთან, მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ კრიზისულ ვითარებას ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ მომზადებული შეხვდა.
„მოგეხსენებათ ჩვენთვის, გასული ფისკალური წელი საკმაოდ წარმატებული იყო. შარშან გვქონდა ისტორიულად მაღალი გადაჭარბება საგადასახადო შემოსავლებში, ამის ხარჯზე შევქმენით საკმაოდ დიდი მოცულობის ფისკალური ბუფერები, რაც ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდა და ამ კრიზისულ სიტუაციაში შესაძლებლობა გვაქვს, გამოვიყენოთ ეს რეზერვები. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ საკმაოდ მოცულობითი მაკროეკონომიკური სტიმულირების პაკეტის წარდგენას“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მანამდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა იყოს მდგრადი.
„ჩვენი ბრძოლა პანდემიასთან, პრაქტიკულად, როგორც დღეს ხშირად ამბობენ, ეს არის უკვე ომი და ომის მდგომარეობაში ვართ, უბრალოდ მტერი არის უხილავი და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო ვერაგი. შესაბამისად, ამ ეტაპზე, მთელი ძალისხმევა ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეების, პირველ რიგში, მიმართული უნდა იყოს ამ პანდემიის შეჩერებისა და საბოლოო ჯამში მისი ამოძირკვისკენ. მინდა, გითხრათ, რომ ამ მხრივ საქართველო საკმაოდ კარგად გამოიყურება საერთაშორისო არენაზე, როგორც კორონავირუსთან ბრძოლის მიმართებით. ეს უნდა გაგრძელდეს და ამის შემდგომ დარწმუნებული იყავით, რომ არსებობს ყველა წინაპირობა იმისა, ჩვენ სტიმულირების მექანიზმებით, რომლებსაც დღეს ვამუშავებთ პარტნიორთან ერთად, ძალიან მალე დავუბრუნდებით განვითარების იმ ტემპებს და ნიშნულს, რომელიც გვქონდა სულ რამდენიმე კვირის წინ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.