ივანე მაჭავარიანი - თუ ანაკლიის პროექტის კომერციული რისკი მთლიანად სახელმწიფოზე გადმოვა, მაშინ სად არის კომერციული კომპონენტი და კერძო ინიციატივა
ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსების თემაზე ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ინვესტორის კომერციული რისკის დაზღვევის მიმართულებით სახელმწიფო დათმობაზე ვეღარ წავა.
„არსებობს პოლიტიკური რისკები, არსებობს ფორსმაჟორი, გარემოსთან დაკავშირებული რისკები, საკანონმდებლო რისკები, რაც სამომავლოდ შესაძლოა მოხდეს. ყველა ტიპის რისკზე ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციული ვართ, მაქსიმალურად ღია ვართ, წავიდეთ ამ დახმარებაზე. რაც შეეხება ბიზნესის კომერციულ, ტვირთების რისკზე, მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამა არ ითვალისწინებს ამას, რომ სახელმწიფომ დამატებით აიღოს ფინანსური რისკი ამ ნაწილში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებების კიდევ რამდენიმე რაუნდი გაიმართება, თუმცა მისი თქმით, პროგრესი უკვე იგრძნობა.
„ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავიყვანოთ რკინიგზა, გზა, დავეხმაროთ მიწების გამოსყიდვაში. 100 მილიონიანი დაფინანსება გამოვუყოთ. ეს ყველაფერი ძალაშია, ურყევია და ამაზე ზემოთ კიდევ წავედით შემხვედრ ნაბიჯებზე. თუ მთლიანად ამ პროექტის კომერციული რისკის გადმოტანა მოხდა სახელმწიფოზე, მაშინ სადაა კომერციული კომპონენტი, სადაა კერძო ინიციატივა. მაშინ როგორც ვაკეთებთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ გზას, იმას უნდა გავუტოლოთ“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მთავრობისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, რომელიც სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გრძელდება.
სამმხრივი შეხვედრების განხილვის თემა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ პროექტის დაფინანსებისთვის დაყენებული რვაპუნქტიანი მოთხოვნებია.
საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა მიმდინარე წლის 8 თებერვალს. შეთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევას, პორტის განვითარების ფაზების ახლებურ რეგულირებას, საკანონმდებლო ცვლილებებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ კრედიტორების რისკის დაზღვევას და ასე შემდეგ.