ივანე მაჭავარიანი - სსფ-ის პროგრამის გახანგრძლივება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის დამატებითი პოზიტიური სიგნალი იქნება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგრამის ერთი წლით გახანგრძლივება, დამატებითი სიგნალი და გარანტია იქნება ინვესტორებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის დასადასტურებლად, რომ კვლავ ერთგულები ვართ ძირითადი ფისკალური მიზნებისა და პრინციპების, რაც საფუძვლად უდევს აღნიშნულ პროგრამას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგრამის მეხუთე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო კვლავაც ინარჩუნებს გამოკვეთილი ლიდერის პოზიციას რეგიონში.
„საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეხუთე მიმოხილვის ფარგლებში შეთანხმებას მიაღწია. თითქმის სამი წელი გავიდა ამ პროგრამის დაწყებიდან და მინდა დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს წარმატებული შედეგი, რაც დადასტურებულია როგორც მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის გაუმჯობესებით, ასევე საკრედიტო რეიტინგებში წინსვლით: პროგრამის დაწყების დღიდან, ჩვენ დავადასტურეთ პრინციპულობა ძირითადი ფისკალური მიზნების განსახორციელებლად და მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ჯერ არ დასრულებულა, დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, სამივე მთავარი მიზნის მიღწევა წარმატებით მოხერხდა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი შეფასებით, აღნიშნული მიზნების იყო: მიმდინარე ხარჯების კონტროლი – მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 25,9 პროცენტიდან შემცირდა 23.3 პროცენტმადე და კვლავაც განაგრძობს შემცირების ტენდენციას; კაპიტალური ხარჯების დაჩქარება -აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა და ქვეშეთი-კობის მიმართულებით, პრაქტიკულად ყველა მონაკვეთზე სამუშაოები ან დაწყებულია ან ტენდერის ბოლო ეტაპზეა. ყველა კაპიტალური ხარჯი სრულად არის გაწერილი ფისკალურ ჩარჩოში და მათზე დაფინანსება სრულად არის მოძიებული საფინანსო ინსტიტუტებიდან; დეფიციტის ნორმალიზება – ფისკალური დეფიციტი სტაბილურად, მშპ-ის 2.5 პროცენტის ფარგლებშია. ეს ნიშნული მიუთითებს, რომ საბიუჯეტო სექტორი არის ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს გარანტი.
„ფონდის მიერ მხარდაჭერილმა მაკროეკონომიკურმა და ფისკალურმა პოლიტიკამ, ჩვენს ეკონომიკას საშუალება, მისცა გამკლავებოდა რეგიონში განვითარებულ ურთულეს ეკონომიკურ მდგომარეობას. მაშინ, როცა რეგიონი 1 პროცენტზე ნაკლები ტემპით იზრდება, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ საშუალოდ ხუთ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო კვლავაც ინარჩუნებს გამოკვეთილი ლიდერის პოზიციას რეგიონში. 2017 წლიდან მოყოლებული, სამმა სარეიტინგო სააგენტომ გაგვიუმჯობესა საკრედიტო რეიტინგი და ჩვენ უკვე ორი ნაბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის წარმატება, მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.
„მადლობას ვუხდი მერსედეს ვერა-მარტინს და მთელ მის გუნდს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა მისიის მუშაობის პერიოდში. კიდევ ერთხელ, მინდა განვაცხადო, რომ პროგრამის წარმატება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრთან ერთად „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
საქართველოში გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვა დასრულდა და პროგრამა ერთი წლით გაგრძელდა. აღნიშნული შეთანხმება სსფ-ს ხელმძღვანელობისა და სსფ-ს აღმასრულებელ დირექტოთა საბჭოს მიერ დამტკიცებას საჭიროებს. აღნიშნული მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 30 მილიონი ესდეერი (დაახლოებით 41.6 მილიონი აშშ დოლარი).