ივანე მაჭავარიანი - შეუძლებელია სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა, თუ ერთი სფეროს სხვადასხვა ბიზნესსუბიექტის დაბეგვრა განსხვავებული იქნება
შეუძლებელი იქნებოდა სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა, თუ ერთ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ბიზნესსუბიექტის დაბეგვრა იქნება განსხვავებული, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, საკმაოდ ხშირია საუბარი ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი და ფისკალურად მდგრადი პოლიტიკის არსებობაზე.
„ვფიქრობ, შეუძლებელი იქნებოდა სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა თუ ერთ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტის დაბეგვრა იქნება განსხვავებული, არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს საკანონმდებლო დონეზე, სხვადასხვა საგადასახადო განაკვეთების დაბეგვრის კუთხით, თუ აღსრულების ნაწილში, იქნება ეს კონტრაბანდა, ყალბი აქტივების გამოყენება და ასე შემდეგ“, – განაცხადა მინისტრმა.
მან განმარტა, რა ნაბიჯები გადაიდგა თითოეული მიმართულებით.
„მაგალითად თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქტების აქციზის გადასახადთან დაკავშირებით გასული წლის დასაწყისში იკვეთებოდა ორი ძირითადი პრობლემა – საკანონმდებლო ხარვეზი და ადმინისტრირების სირთულე. გასულ წელს ორივე მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გადაიდგა , რამაც შესაბამისი შედეგი მოიტანა. საკანონმდებლო ხარვეზი თამბაქოზე აქციზის გადასახადით დაბეგვრის სისტემა იყო, რომელიც თამბაქოს უაქციზოდ რეალიზაციის შესაძლებლობას იძლეოდა, აქ საუბარია ე.წ. ასაწონ-გასახვევ თამბაქოზე, ეს ერთი მხრივ, ამცირებდა ბიუჯეტის შემოსავლებს, ხოლო მეორე მხრივ, არათანაბარ პირობებში აყენებდა მთელ სექტორს. აქციზით დაბეგვრა დამოკიდებული იყო შეფუთვის ოდენობაზე, რაც გასულ წელს განხორციელებული ცვლილებებით გამოსწორდა“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, განსხვავებული აქციზის განაკვეთი არსებობდა სიგარეტის სხვადასხვა სახეობაზე, ფილტრიანი და უფილტრო, რაც დიდ დანაკარგს ქმნიდა აქციზის შემოსავლებში.
„აქციზის განაკვეთის გათანაბრებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადმინისტრირების პროცესი. აქციზის განაკვეთის ზრდასთან ერთად, ბუნებრივი პროცესია არალეგალური იმპორტის რისკების ზრდაც, ამ მხრივ, საქართველოც არ წარმოადგენს გამონაკლისს, თუმცა მნიშნველოვანია, რამდენად მართვადია გაზრდილი რისკები და ფისკალურად რამდენად გამართლებული. გასულ წელს არალეგალური თამბაქოს ნაწარმის გამოვლენის მიზნით, მნიშვნელოვნად გააქტიურდა ადმინისტრაციული და სამართალდამცავი სტრუქტურების ღონისძიებები“, – აღნიშნა მან.
მინისტრის თქმით, 2016 წელს უაქციზო სიგარეტის შენახვა-ვაჭრობის 1500-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი და ამოღებულია 470 000-ზე მეტი კოლოფი სიგარეტი. ივანე მაჭავარიანის შეფასებით, აღნიშნულმა ღონისძიებებმა არსებითად შეცვალა სიტუაცია, მხოლოდ თამბაქოს პროდუქციისგან აქციზის სახით მიღებულმა შემოსავლებმა 724 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
„თამბაქოსთან დაკავშირებული გადასახადებით 2019 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა იქნა მობილიზებული. მიღწეული შედეგებით, ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ სახეზეა აქციზის გადასახადის ადმინისტრირების არსებითი გაუმჯობესება, ეს ადასტურებს ჩვენი ნაბიჯების მართებულობას. ამ მიმართულებით გარკვეული სირთულეები კვლავ შეინიშნება, განსაკუთრებით ელექტროსიგარეტებთან მიმართებაში, აქ ჩვენი პირველადი დათვლებით, 20 მილიონამდე ლარს კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტი და ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით მივაღწევთ სასურველ შედეგს“, – აღნიშნა მინისტრმა.
ივანე მაჭავარიანმა „ოქროს სიის“ გაუქმებაზეც ისაუბრა.